29 მარტს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დასაწყისში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს საკრებულოს უმრავლესობის მუშაობის ერთწლიანი ანგარიში გააცნო.
ანგარიშის წარდგენისას ფრაქციის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრების საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში, გენდერულ საბჭოში საქმიანობის, მესამე სექტორთან თანამშრომლობისა, მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების საკითხებზე ისაუბრა. ნატალია ზოიძემ ყურადღება გაამახვილა საკრებულოს წინაშე მერიის სამსახურების ანგარიშვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ საკრებულო პერიოდულად მართავს შეხვედრებს აღნიშნულ სამსახურებთან და ისმენს მათ ანგარიშებს მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტებზე მუშაობისას ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მოსახლეობის ჩართულობა და მათ მიერ პრიორიტეტული საკითხების გამოკვეთაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი პროცესია და ამ კუთხით საკრებულოს უმრავლესობა მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვას ინტენსიურად აპირებს.
შეხვედრის დასასრულს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საკრებულოს უმრავლესობას ახალი ინიციატივები, ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით სხვადასხვა პრობლემები გააცნეს და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან სამომავლო შეხვედრების გრაფიკის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.