თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსთან შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ადმინისტრაციულ ერთეულებში (უბნებში ) საზოგადოებრივი დარბაზები, რომლებიც წარმოადგენენ საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოებს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია:
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტები და საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგის პროექტები, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები განხილულ პროექტებთან დაკავშირებით;
ბ) შესთავაზოს საკრებულოს ან/და საკრებულოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა;
გ) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;
დ) მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ჩატარება სპეციალური დღის წესრიგით;
ე) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს და/ან მერს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
ზ) კოორდინაცია გაუწიოს ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილ საზოგადოებრივი დარბაზების საქმიანობას;
საზოგადოებრივი დარბაზი უფლებამოსილია:
ა) წინასწარ განიხილოს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი ნორმატიული აქტების პროექტები და გამოთქვას თავის მოსაზრებები;
ბ) მოამზადოს, განიხილოს და წარუდგინოს საკრებულოს ან/და მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს წინადადებები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები;
დ) მოისმინოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ანგარიშები;
ე) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში;
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებრივი დარბაზის სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც.