16 ივნისს, ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ახალი წევრის უფლებამოსილება ცნეს. საკრებულოს გამოკლებული წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე ნაზი ფუტკარაძემ ჩაანაცვლა. ნაზი ფუტკარაძე 2010-2014 მოწვევის საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.
სხდომაზე საკრებულომ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის ახალ თავმჯდომარედ ელგუჯა ანდრიაძე აირჩია. კომისიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დიმიტრი ჭეიშვილმა 30 მაისს აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
საკრებულომ 16 ივნისს დაამტკიცა ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის ახალი პერსონალური შემადგენლობები.