„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ დაიწყო თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის დამუშავება. პროექტის წარმატებული განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ყველა ეტაპზე ინფორმირება და ჩართვა. ამ მიზნით, 21-22 მაისს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, არქიტექტორებთან, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან გაიმართა შეხვედრები. დარგის ექსპერტებმა საზოგადოებას გააცნეს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია და მისი დეტალები. ასევე შეხვედრაზე განისაზღვრა ძირითადი დაინტერესებული მხარეების ფუნქციები და კავშირები საინფორმაციო კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად. პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) ფარგლებში.