2017 წლის 8–9 და 10 ნოემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას 2018 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროგრამები მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ და უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხინთიბიძემ წარუდგინეს. ბიუჯეტის ფორმირების გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია კი გუშინ გაიმართა. 2018 წლისთვის დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაციები განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ წარადგინეს. შეხვედრის ბოლოს მერიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოების შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ბიუჯეტის საჯარო განხილვებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, მედია საშუალებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. შეხვედრები USAID-ის პროექტის - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ხელშეწყობით განხორციელდა. დღევანდელი შეხვედრით მერიამ დაასრულა ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების პრეზენტაცია და განხილვა. გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნება.
ბიუჯეტის პროექტი