ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვა საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგის მიხედვით, ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხით დაიწყეს. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ელდარ ნატარიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ხორციელდება 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე გადასახდლების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 3,446,4 ათასი ლარით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილ სპეციალურ ტრანსფერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ფარგლებში. ბიუჯეტის გადასახდელებში ასახული იქნა ზემდგომი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ტრანსფერების ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროეექტები, ასევე, საბიუჯეტო ნაშთის გამოყენების ხარჯზე გათვალისწინებული იქნა 2019 წლიდან გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.