8 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის არქიტექტორთა საბჭომ და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ერთობლივი გაფართოებული სხდომა გამართეს. სხდომაზე განიხილეს ქალაქისთვის აქტუალური რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ბათუმში - ამ საკითხზე სხდომის მონაწილეთა მსჯელობამ ხმაურიანად ჩაიარა. 2012 წელს, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიამ კლდიაშვილის #8-ში და ვაჟა-ფშაველას # 9/10-ში გასცა ნებართვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. მიმდინარე თვეში აჭარის ა.რ. მთავრობის შუამდგომლობით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიაში შევიდა მენაშენის განაცხადი სართულების მომატებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ამ ფაქტს. მათი თქმით ეს არის მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად არ შეცვლილა. საჭიროა მყისიერი რეაგირება და რეგულაციების მიღება/გამკაცრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით.