რა უნდა ვიცოდეთ ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ
ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება მნიშვნელოვანია, რადგანაც მოქალაქეები გადასახადის გადამხდელები არიან და უფლება აქვთ იცოდნენ, რა ფინანსდება მათ მიერ გადახდილი გადასახადებით. თითოეულ მოქალაქეს ასევე უფლება აქვს გამოთქვას მოსაზრებები ბიუჯეტის შესახებ და დააფიქსიროს საკუთარი საჭიროება, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. მოქალაქეების ინტერესი მათი მუნიციპალიტეტის თუ ქალაქის ბიუჯეტისადმი ყოველთვის დიდია, ვინაიდან ბიუჯეტით გვარდება ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები და საჭიროებები.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მოქალაქეს არ შეუძლია გაერკვეს საბიუჯეტო ლაბირინთებში, პრაქტიკაში არსებობს გამარტივებულ ენაზე შედგენილი მოქალაქის საბიჯეტო გზამკვლევი. მისი უმთავრესი დანიშნულებაა მიაწოდოს მოქალაქეებს მარტივ ენაზე დაწერილი საბიუჯეტო ინფორმაცია.
მოქალაქის საბიჯეტო გზამკვლევი - ეს არის მარტივ, პოპულარულ ენაზე შედგენილი ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცედურები. მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.