სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიასთან ერთად თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2014-2017 წლების პრიორიტეტები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
შეხვედრის მონაწილეები, ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობითა და სამშენებლო სექტორით დაინტერესდნენ. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რეაბილიტირებული ქუჩების რამდენჯერმე გადათხრის, უხარისხოდ დაგებული ფილებისა და შემოერთებული ტერიტორიების მოუწესრიგებლობის გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მერიის პრიორიტეტების განსაზღვრში საზოგადოების აქტიურად ჩართვას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტი ჯერ მხოლოდ პროექტია და საზოგადოების ინტერესების გასათვალისწინებლად მოსახლეობასთან შეხვედრებია დაგეგმილი.