სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი ევროპის ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის". პროექტის ფარგლებში ბათუმის ტერიტორიულ ერთეულებში სათემო შეხვედრები გაიმართა და მას საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
შეხვედრების მიზანი იყო მოსახლეობის მიერ დასახელებული უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება და ადგილობრივი პრობლემების შესახებ ინფორმაციის პირდაპირი გზით მიწოდება. მასში მონაწილეობდა მერიის ოთხი სამსახურის წარმომადგენლობა: კეთილმოწყობის სამსახური, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, ა(ა)იპ კორპუსი და ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. საზოგადოებრივი დარბაზების წევრებმა, ჯამში 115-მდე მოქალაქემ, მიიღო ინფორმაცია წარმოდგენილი სამსახურების მიერ 2018 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ასევე, განიხილეს უბნებში არსებული პრობლემები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი სამსახურების კომპეტენციაში იყო.
დარბაზის თავმჯდომარეებმა გამოკვეთილი პრობლემების შესახებ ქალაქის მერს წერილობითი განცხადებებით მიმართეს.